ლაზეთი

III-IV საუკუნეებში მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. IV საუკუნის ბოლოს ჭანები იჭრებოდნენ ბიზანტიის საზღვრებში, კაპადოკიაში, კილიკიასა და სირიაში.[1]

VI ს-ში ჭანეთის ტერიტორია ბიზანტიამ დაიპყრო. ამავე პერიოდში აქ გავრცელდა ქრისტიანობა. XIII საუკუნეში რეგიონი საქართველოს სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა. XIII-XIV სს-ში იგი ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა, თუმცა მისი აღმოსავლეთ ნაწილი სამცხის სამთავროს შემადგენლობაში იყო.

თურქ-ოსმალთა მიერ ტრაპიზონის აღების შემდეგ ლაზისტანი ოსმალეთის ერთ-ერთ ვილაიეთად იქცა. 1463-1502 წლებში ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილი გურიის სამთავროს შემადგენლობაშია, 1502-1535 წლებში — სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში, 1535-47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1547 წელს მიიტაცა. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რეგიონი ხელიდან ხელში გადადიოდა. 1921 წელს ერთა ლიგამ ლაზისტანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად აღიარა, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და საქართველოს გავლენა რეგიონზე ნულოვანი აღმოჩნდა. 1921 წლიდან რეგიონის უმეტესი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა, მცირე ნაწილი (სოფელი სარფი) საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, ოსმალეთმა დათმო ჭანეთის ნაწილი, ახლანდელი სოფელი სარფი და მისი მიმდებარე რეგიონი, რომელიც ამჟამად შედის საქართველოს შემადგენლობაში.