კლარჯეთი

კლარჯეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი.

განასხვავებენ კლარჯეთის ვიწრო და ფართო გაგებას. ფართო გაგებით კლარჯეთი ესაა ტერიტორია ზღვიდან არსიანის მთამდე, ანუ ჭანეთი და მთელი ჭოროხის ბასეინი, ხოლო ვიწრო გაგებით კი ის აჭარისწყლიდან არსიანამდეა და მოიცავს: ლიმანს, აჭარას, მაჭახელას, შავშეთს და არტანუჯს. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელთაც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს („ათორმეტი უდაბნო“) უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია[1].