საინგილო

საინგილო (ყოფილი ელისენი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მდებარეობდა მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო ამჟამად კახის (კაკის — ასე ეწოდებოდა მას XX საუკუნის 20-იან წლებამდე), ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული.

ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები „ინგილო“ და „საინგილო“.